მსოფლიოს ეკონომიკის გავლენა საქართველოზე და ქართული ეკონომიკის სხვა ტენდენციები

მსოფლიო ეკონომიკაში მიმდინარე მოვლენებმა გარკვეული ზეგავლენა მოახდინა ქართული ეკონომიკის განვითარების დინამიკაზე. პირველ რიგში აღსანიშნავია საქართველოს მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორების ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესება. საქართველოს საგარეო სავაჭრო პარტნიორების დიდი ნაწილის ეკონომიკა (მაგალითად: რუსეთის, ყაზახეთის ან აზერბაიჯანის) მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ენერგომატარებლების ფასებზე, რამდენადაც ნავთობისა და გაზის მოპოვება მათი ეკონომიკის მნიშვნელოვანი ნაწილია. შესაბამისად, ფასების შემცირებამ საგრძნობი ზარალი მიაყენა მათ ეკონომიკებს. ასე მაგალითად: რუსეთის ეკონომიკის შემცირებამ 2015 წელს 3,7 % შეადგინა, ხოლო რუსულმა რუბლმა აშშ დოლართან მიმართებით 22%-იანი გაუფასურება განიცადა. აზერბაიჯანის ეროვნულმა ვალუტამ, მანათმა, 50%-იანი გაუფასურება განიცადა და ეკონომიკურმა ზრდამ 1.1% შეადგინა. რთულმა გეოპოლიტიკურმა მდგომარეობამ უკრაინის ეკონომიკაზე უარყოფითი გავლენა მოახდინა. რუსეთთან სამხედრო კონფლიქტის შედეგად უკრაინის ეკონომიკამ განიცადა 9,9 %-იანი შემცირება და დაფიქსირდა ინფლაციის მაღალი ტემპი. დევალვაცია განიცადა თურქულმა ლირამაც, რომელიც აშშ დოლართან მიმართებით 25%-ით გაუფასურდა, ხოლო ეკონომიკის ზრდამ 3.98% შეადგინა. ასეთი ფაქტორების გამო შემცირდა საქართველოს ექსპორტის შემოსავლები, რომლებიც წინა წლის მაჩვენებლებთან შედარებით 23%-ით ნაკლებია. შედეგად ქართული ეკონომიკის ზრდა შეფერხდა და უცხოური ვალუტის შემოდინება ქართულ ეკონომიკაში შემცირდა.

ასეთი ნეგატიური ეკონომიკის პირობებში საქართველოს ეკონომიკის ზრდა წინა წლებთან შედარებით შენელდა და 2.8% შეადგინა. როგორც მოსალოდნელი იყო, საგარეო მოთხოვნის შემცირების შედეგად კლება დაფიქსირდა გადამამუშავებელი მრეწველობისა და ვაჭრობის დარგებში, რომლებიც შესაბამისად 4.9%-ითა და 0.3%-ით შემცირდა. სამაგიეროდ, მთავრობის მიერ დაფინანსებული ინფრასტრუქტურული პროექტებისა და ახალი გაზსადენის მშენებლობის შედეგად მშენებლობის დარგში დაფიქსირდა 15.2%-იანი ზრდა, რამაც გარკვეულწილად გაანეიტრალა ეკონომიკის სხვა სექტორების უარყოფითი ტენდენციები. 2014 წელთან შედარებით ვიზიტორების გაზრდილმა ნაკადმა გაზარდა ტურისტული სექტორისა და მასთან დაკავშირებული მომსახურებების შემოსავლები.

რუსეთისა და საბერძნეთის ეკონომიკებში არსებულმა სირთულეებმა ექსპორტის შემცირების პარალელურად გამოიწვია ტრანსფერების შემცირება, რამაც დამატებითი წნეხის ქვეშ მოაქცია მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი და განაპირობა 2015 წელს ლარის კურსის დაცემა აშშ დოლართან მიმართებით 28.5%-ით.

ვალუტის დასუსტებამ, თავის მხრივ, გამოიწვია იმპორტირებული საქონლის გაძვირება, რამაც ქართულ ეკონომიკაში ინფლაციური ტენდენციების საშიშროება გააჩინა. მიუხედავად იმისა, რომ საწვავზე ფასების შემცირებამ შეარბილა ეს ტენდენციები, ინფლაციური მოლოდინები წლის განმავლობაში მაინც აქტიური იყო, რამაც აიძულა ეროვნული ბანკი გაემკაცრებინა მონეტარული პოლიტიკა მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის მკვეთრი შემცირების მიუხედავად. ასეთი პოლიტიკის შედეგად 2015 წელს ფულადი ბაზრის საპროცენტო განაკვეთები გაიზარდა.