მსოფლიო ეკონომიკა და მისი ტენდენციები

2015 წელი მსოფლიოში არასახარბიელო ეკონომიკური პერსპექტივებითა და შენელებული ზრდით ხასიათდებოდა, რაც განვითარებადი ეკონომიკების ზრდის ტემპების შემცირებასა და განვითარებული ეკონომიკების ზომიერ გაჯანსაღებაში გამოიხატა. ჩინეთის ეკონომიკის ზრდის შენელებამ, ენერგომატარებლების ფასის მნიშვნელოვანმა შემცირებამ და ამერიკის ფედერალური სარეზერვო ბანკის მიერ მონეტარული პოლიტიკის თანამიმდევრულმა გამკაცრებამ მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა როგორც მსოფლიო ეკონომიკის შემდგომ განვითარებაზე, ასევე საქართველოს ეკონომიკურ პერსპექტივაზე.

ენერგომატარებლების ფასის შემცირებამ უარყოფითად იმოქმედა როგორც ენერგომატარებელი ქვეყნების შიდა ბაზრებზე, ასევე გაზისა და ნავთობის მომპოვებელ ინდუსტრიებში ინვესტიციების მოცულობაზე, რამაც ასეთი ქვეყნების უმეტესობის ეკონომიკის განვითარებაში შემაფერხებელი როლი ითამაშა. დღეის მდგომარეობით ფიუჩერსულ ბაზრებზე პროგნოზირებენ მხოლოდ ფასების არაარსებით ზრდას 2016 და 2017 წლებში, რაც ასევე არ ქმნის ოპტიმისტურ მოლოდინებს ამ ტიპის ქვეყნების ეკონომიკების მიმართ. ასეთ სიტუაციაში ნავთობექსპორტიორი ქვეყნების უმეტესობა ფინანსურ სიძნელეებს განიცდის, რაც მათი შიდა ბაზრის მოთხოვნაზე უარყოფითად აისახება.

მეორე მხრივ, ამერიკის შეერთებული შტატების მიერ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებამ და რეფინანსირების განაკვეთის გაზრდამ განვითარებად ქვეყნებში ფინანსური მდგომარეობა გაამწვავა, რაც ადგილობრივი ვალუტების დასუსტებასა და კაპიტალის შედინების შემცირებაში გამოიხატა. ამ პოლიტიკის შედეგად 2015 წლის განმავლობაში საქართველოს უკლებლივ ყველა სავაჭრო პარტნიორმა განიცადა ამა თუ იმ დონით ეროვნული ვალუტის დევალვაცია.

მსოფლიო ეკონომიკის ზრდის პროგნოზი 2016 – 2017 წლებში შესაბამისად შეადგენს 3.1%-სა და 3.4 %-ს. ამ მოლოდინების მიხედვით განვითარებული ეკონომიკების ზრდამ 2016 – 2017 წლებში 1.8% უნდა შეადგინოს. ამერიკის შეერთებული შტატების ეკონომიკის მდგრადობა გამოიხატება უძრავი ქონების სექტორის გაძლიერებასა და ძლიერ შრომის ბაზარში. თუმცა აღსანიშნავია, რომ დოლარის გამყარების ტენდენცია უარყოფით გავლენას ახდენს საწარმოო სექტორზე, ხოლო ნავთობის დაბალი ფასები ამცირებს სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებასთან დაკავშირებულ ინვესტიციებს. ევროკავშირის ქვეყნების ეკონომიკები, მართალია, განიცდიდნენ წმინდა ექსპორტის შემცირებას, მაგრამ ნავთობის დაბალმა ფასებმა და შიდა მოხმარების ზრდამ, გააბათილა სუსტი ექსპორტის ეკონომიკური შედეგები.

რაც შეეხება განვითარებად ქვეყნებს: 2015 წელს მათი ეკონომიკის 4%-იანი ზრდის შემდგომ (რაც 2008-2009 წლების კრიზისის მერე ყველაზე დაბალი მაჩვენებელია) 2016 და 2017 წლებში პროგნოზირებენ 4.1% და 4.6%-იან ზრდას. ასევე ივარაუდება, რომ 2016 და 2017 წლებში გაგრძელდება ჩინეთის ეკონომიკის ზრდის ტემპების შემცირება 6.4% და 6.3% -მდე; ხოლო ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში მიუხედავად კარგი წინაპირობებისა, მომავალი 2 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი არასახარბიელოა, რასაც მძიმე გეოპოლიტიკური სიტუაცია და ნავთობის დაბალი ფასების მოლოდინი განაპირობებს. უცვლელი ტემპებით გაგრძელდება ევროპის განვითარებადი ქვეყნების ეკონომიკური წინსვლა გარდა რუსეთისა, სადაც მოსალოდნელია ეკონომიკის შემცირება ეკონომიკური სანქციებისა და ენერგომატარებლების დაბალი ფასების გამო.